საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა “ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის

ეროვნული კინოცენტრი იწყებს საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას “ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის

ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის ეროვნული კინოცენტრი იწყებს საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევას.

საპროდიუსერო კომპანიების განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი მიიღებს 2022 წლის 22 აგვისტოდან 2022 წლის 9 სექტემბრის 17:00 საათამდე.

წარმოდგენილი ფილმებიდან საქართველოს კანდიდატ ფილმს გამოავლენს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრის საფუძველზე. კანდიდატი ფილმის სახელი ცნობილი გახდება 2022 წლის სექტემბრის თვეში.

განაცხადის დასარეგისტრირებლად ფილმი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე 7 დღის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს ნაჩვენები საქართველოს რომელიმე კინოთეატრში;
  • უნდა ჰქონდეს კინოინდუსტრიაში მიღებული ფორმის რეკლამა (აფიშა, თრეილერი);
  • შემოქმედებით ჯგუფს მეტწილად უნდა შეადგენდნენ საქართველოს მოქალაქეები ან რეზიდენტები;


წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ფილმის ასლები:

  • განაცხადი ფილმის მწარმოებლისგან, რომლითაც დასტურდება, რომ ფილმი აკმაყოფილებს ან დააკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, და რომ მწარმოებელს აქვს უფლება და სურვილი, წარმოადგინოს ფილმი განსახილველად;
  • ფილმის 1 ასლი BluRay ან DCP ფორმატში ინგლისური სუბტიტრებით და 1 ასლი DVD ფორმატში. BluRay/DCP განმცხადებელს დაუბრუნდება ფილმების განხილვის შემდეგ, ხოლო DVD ვერსია დარჩება კინოცენტრის არქივში;
  • წარმოდგენილი ფილმის ვერსია უნდა შეესაბამებოდეს კინოთეატრში კომერციულად ნაჩვენებ ვარიანტს;
  • ფილმის გაშუქების მასალები ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში (სტატია, რეცენზია, ბლოგი) ასეთის არსებობის შემთხვევაში;


გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი ჯერ არ აკმაყოფილებს კინოთეატრში 7-დღიანი უწყვეტი კომერციული ჩვენების მოთხოვნას, აუცილებელია განმცხადებელმა დაადასტუროს, რომ 2022 წლის 30 ნოემბრამდე ფილმი 7 დღის განმავლობაში უწყვეტად იქნება ნაჩვენები კომერციულ ეკრანზე (კინოთეატრში).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლებს – დავით ვაშაძესა (D.Vashadze@gnfc.ge) და ლევან ლომჯარიას (l.lomjaria@gnfc.ge).

ეროვნული კინოცენტრი გისურვებთ წარმატებებს!